ლაშარელა / გრიგოლ აბაშიძე (1 ნაწილი)

ავტორი: mariami 4-07-2012, 19:06, ნახეს: 957

Share
0
ლაშარელა / გრიგოლ აბაშიძე (1 ნაწილი)
გ რ ი გ ო ლ ა ბ ა შ ი ძ ე


ლ ა შ ა რ ე ლ ა

ვაი, შენ ქალაქო, რომელსა შინა
მეფე შენი ჭაბუკ!
ეკლესიასტე


თავი პირველი
ლაშარის გორზე

_ შოთაისია, რუსთველის! ღამისმთევლები შეჩოჩქოლდნენ და გალავანს მიაწყდნენ: ხმელგორზე
ცხენოსნები ამოდიოდნენ, წინ ლურჯაზე ამხედრებული მეფე მოუძღოდათ.
ვიღაცამ შორითვე იცნო ხელმწიფე და «ლაშაო», აღტაცებით ამოიძახა.
ღამისტეხითა და ლოცვით გაბრუებულ ხატიონებს «ლაშარი» ჩაესმათ და
ძლევამოსილი ღვთაების გამოცხადების სასწაული დაიჯერეს. ხალხი
ჩურჩულით იმეორებდა მთიელთა მფარველისა და ლაშქრობის ღმერთის
სახელს და კრძალვით გაჰყურებდა მათკენ მომქროლავ ფაფარგაშლილ
ლურჯაზე ამხედრებულ მეფეს.
მხედრებმა ამოივაკეს. ხალხი შუაზე გაიყო, მოსულებს გზა მისცა და
მუხლებზე ჩაიჩოქა.
გალავანთან დაიქვეითეს ბრწყინვალედ აღკაზმულმა ჭაბუკმა მეფემ და
მისმა მხლებლებმა.
სალოცავიდან ხევისბერი გამოეგება მეფეს, სანთლები აანთო და
დაამწყალობა... შემდეგ მეფეს რაღაც წასჩურჩულა და, თანხმობა რომ მიიღო,
დასტურებს თვალით ანიშნა.
დასტურები უცებ მოსწყდნენ ადგილიდან და იმწამსვე ვიღაცამ ხმამაღლა
დაიძახა:
_ გზა! გზა!..
გალავანში ბრდღვინვით შემოვარდა ყელზარიანი კურატი. კურატს რქებზე
ანთებული სანთლები ჰქონდა მიკრული და დაფეთებულ პირუტყვს ოთხი
ვაჟკაცი ჯაჭვებით ძლივს აკავებდა. როგორც იყო, მოზვერი სასაკლაოს
ორმოსთან მიაგდეს და ორივ მხრიდან მაგრა დაჰქაჩეს.
კურატმა ოდნავ წამოიჩოქა და მორივით სქელი კისერი დაედრიკა. 2
ხევისბერი ზვარაკთან მივიდა. ის იყო სანთლით შუბლი შეუტრუსა და
ზარი მოხსნა, რომ ლაშას ხმალმაც იელვა და კურატის თავი მიწაზე გაგორდა.
მეფე ხალისით ასრულებდა მსხვერპლთშეწირვის წესს. იგი
მოჯადოებულივით თვალებში შესცქეროდა ხევისბერს და მის ნება-სურვილზე
მოქმედებდა.
* * *
მსხვერპლთშეწირვა და დამწყალობება დასრულდა. შალვა ახალციხელმა
ხელი მაღლა აღმართა და ხალხს გაჩუმება ანიშნა. ხალხი გაინაბა და სმენად
იქცა.
მეფე წინ წარსდგა და შეკრებილთ მოკლე სიტყვით მიმართა.
ომახიანი, ვაჟკაცური ხმით ლაპარაკობდა საქართველოს მეფე გიორგი
მეოთხე _ ლაშა. მსმენელებს ჯერ თავისი ნეტარი დედის დიდი თამარის უხვი
წყალობა და ზრუნვა მოაგონა. მერე გულისტკივილით გაიხსენა ტახტისაგან
ფხოველთა განდგომა და მეამბოხეთა სასტიკი დასჯა საქართველოს ზოგიერთ
თავნება ხელისუფალს დააბრალა. ფხოველთა სარწმუნოებას ქართველთა
ჭეშმარიტი სარწმუნოება უწოდა და ამიერიდან მთიელებს მის დაცვასა და
განმტკიცებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს ხელმწიფის, დიდი თამარის მემკვიდრის სიტყვას ხალხი
აღტაცებით ისმენდა, ნაჭრევებით დაღარულ სახეებზე ხევისბერებსა და
გვარის მეთაურებს სიხარულის ცრემლები სდიოდათ.
ხოლო როცა მეფემ სიტყვის დასასრულს ლაშარის ხატისათვის მამულებისა
და ქონების შეწირვა გამოაცხადა, ხალხმა ერთბაშად იხუვლა, მუხლზე დაემხო
და ხელაპყრობით მადლობა შეჰღაღადა.
ჯერ ხევისბერები და თემის უფროსები მისწვდნენ სამთხვევად მეფის
კალთას, მერე მთელი ხალხი ნაგუბარი წყალივით დაიძრა და მეფეს ოთხივ
მხრიდან შემოადგა.
აწვებოდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ, დედები ჩვილ ყრმებს შორით
იტატებდნენ, ხეიბრები და დავრდომილები გზებს იკაფავდნენ, მეფის კალთის
შეხებას ესწრაფოდნენ.
_ ლაშა! ლაშარელა! _ ისმოდა ფეხისწვერებზე შემდგარი მეფის
მაცქერლების აღტაცებული ჩურჩული.
თხუთმეტიოდე წლის გოგონას დედა ზურგში ამოდგომოდა და მეფისაკენ
გზას მიუკვლევდა. გოგონას უჭირდა ხალხის ამ ჯგლეთაში მხარის გატანა და
ძლივსძლივობით, შეშინებული მიიწევდა წინ. მის პირდაპირ, მეფის ამალის
უკან, გოლიათი ვაჟკაცი იდგა და გოგონას მისჩერებოდა. დარცხვენილი ქალი
თვალს ვერ უსწორებდა ვაჟკაცის მზერას. სუსტი გოგონა აქამდე, ალბათ,
ათასჯერაც გაეცლებოდა ხალხის ამ ზედახორას, მაგრამ დედის მტკიცე ხელი
ჯიუტად და დაჟინებით სწევდა წინ, მეფისაკენ. 3
უკვე სულ ახლო იყო.
გოგონა ფეხისწვერებზე შედგა, მეფეს შეხედა და, დანახულის
ბრწყინვალებით მოხიბლულმა, აღტაცებით ამოიძახა:
_ ღმერთო, რა ლამაზია!
რამდენიმე კაციღა ჰყოფდა დედა-შვილს მეფისაგან. წამით ქალიშვილმა
დედის ხელისაგან გათავისუფლება იგრძნო. უკან მოიხედა და გაოცდა: დედას
მანდილი ისე მოეხურა, რომ სახის ნაკვთი აღარ უჩანდა, დამფრთხალი უკან-
უკან მიიწევდა და იქაურობის გაცლას ლამობდა.
მოულოდნელობით გაოცებული გოგონა გაურკვეველმა შიშმა აიტანა, ისიც
ანგარიშმიუცემლად შებრუნდა და დედას გამოუდგა.
* * *
უკვე შუადღე იქნებოდა, სუფრები რომ გაიშალა. ხალხი ხმელგორზე ვერ
დაეტია, დაბლა ფერდობებს ჩაჰყვა და ჭალა თეთრი და ლურჯი სუფრებით
აჭრელდა.
ცალ-ცალკე სუფრებზე ისხდნენ ფშავის სხვადასხვა ხევიდან მოსული
მახვეწარები, თუშები და ხევსურები, კახეთში გადასახლებული ფხოველები.
უზარმაზარი ქვაბებიდან საკლავის ოხშივარი ნისლად დგებოდა, მთვრალი
დევებივით მიწოლილი ვეება რუმბები ნელ-ნელა იფუკებოდა, სუფრებზე
კახურ ღვინოებს მთის ლუდი და არაყი ენაცვლებოდა.
მეფე და მისი ამალა _ შალვა ახალციხელი და თორღვა პანკელი, თურმან
თორელი და გვარამ მარგველი, მემნი ბოცოსძე და ბიბლა გურკელი, ფხოვის
თავკაცებთან და ხევისბერებთან ერთად, ცალკე უსხდნენ გორაკზე გაშლილ
სუფრას.
აქედან ყველაფერი ხელისგულივით ჩანდა: დაბლა გაშლილი სუფრებიც,
ჩარდახიანი ურმებიც, ლამაზი ჭრელი ხურჯინებიც, მთიელთა ნაირ-ნაირი
ტანსაცმელიც და სუფრიდან სუფრისაკენ წაბანდალებული, უკვე შემთვრალი
მოქეიფეებიც.
ყველგან თავგამეტებული სმა იყო. უწესრიგო ყაყანი და სიმღერა
ერთიმეორეს ფარავდა. მხოლოდ მეფის სუფრაზე სუფევდა სრული წესრიგი.
სუფრას ფხოველების ახლობელი კაცი _ თორღვა პანკელი თამადობდა.
კარგ გუნებაზე იყო თორღვა, დიდი ხნის ნატვრა აუხდა _ ფხოველები
სამეფო ტახტს შეარიგა და შემოამტკიცა. დიდი სასმისებით სვამდა საუკეთესო
კახურ ღვინოს და დაცლილ ჯიხვებს ხევისბერებთან გადადიოდა.
დინჯად იჯდა ჩაფიქრებული ბუმბერაზი შალვა ახალციხელი. მეფის
ამალაში ყველაზე უფროსი, შამქორის გმირი, ცოტას ლაპარაკობდა. დიდრონ
სასმისებს იოლად სცლიდა, თავის ადგილზედ უდრტვინველად ჯდებოდა და
ისევ ფიქრს ეძლეოდა. დროდადრო რომელიმე თანამეინახე სიმღერას4
წამოიწყებდა, ფიქრიდან გამოიყვანდა და ისიც თავის ძლიერ ბუბუნს
შეუერთებდა.
მომღერლებს თავის ტკბილ ხმას შესანიშნავად უწყობდა და გულით
ილხენდა თურმან თორელი. როგორც კი სადმე ფანდური გაიჩხაკუნებდა,
ფეხზე წამოდგებოდა, მომღერლის ირგვლივ შემოკრებილთ შეუერთდებოდა
და ყურადღებით უსმენდა ფხოველ მათქვამებს.
ერთხანს სადღაც გაჰქრა თორელი. სუფრისაკენ რომ მობრუნდა, ბრმა
მეფანდურეს მოუძღოდა. თვალდაშრეტილი ხევსური მიწაზე ჯოხის კაკუნით
თავაღერილი მოჰყვებოდა მისთვის უცნობ კარის მგოსანს. სუფრას რომ
მოუახლოვდნენ, თორელმა ღვინით სავსე ჯიხვი მიაწოდა უსინათლო
მეფანდურეს.
_ მეფე ადღეგრძელე და შემდეგ ლექსი რამ გვითხარ, _ შესთხოვა თორელმა.
ბრმამ ფანდური გვერდზე მიდო, სასმისს ორივე ხელი მოჰხვია, დაილოცა და
პირზე მოიყუდა.
_ იცოცხლე! გაგიმარჯოს! _ მადლი გადაუხადა მეფემ. _ აბა, დაჯექ და
ლექსი გვითხარ, ხევსურო!
მელექსემ სასმისი დაცალა, ტუჩები მოიწმინდა და ხელის ფათურით
ფანდური მოიძია.
თორელმა ფანდური ხელთ ჩაუდო და უსინათლოს კუნძზე ჩამოჯდომა
უშველა.
_ ვაჰ, თუ მეფის ღირსი ვერა ვთქვა! ხომ არ გამიჯავრდებიან ხემწიფიანნი? _
ღიმილით თქვა ბრმამ და გუმანით ლაშასკენ გაიხედა, მაგრამ პასუხს არ
დაელოდა და ფანდურს თითები ჩამოჰკრა:
ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე.
გიმღერდნენ ჩემი სწორები, ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე.
მეფანდურე ტკბილად, სევდის მომგვრელად აჟღარუნებდა მთის პატარა
ფანდურს და ხმას თანდათან უმაღლებდა. ეტყობოდა, საკუთარ სადარდელს,
სიკვდილის გარდუვალობასა და სახელისა და უკვდავების წყურვილს
მღეროდა მეფანდურე. ხან სისხლი მოაწვებოდა და ჭარხალივით
წამოუწითლდებოდა სახე, ხან სულ გაეცრიცებოდა და მკვდრის ფერი
გადაეკვრებოდა.
ნეტავი, ჩემო სახელო, დიდხანამც იხსენებოდე,
ჩემო ნათქომო სიტყვაო, შენამც კი გაჰქვეყნდებოდე,
სახლო, არ დაიშლებოდე, ცოლო, არ გასთხოვდებოდე. 5
მღეროდა, კი არ მღეროდა, მოთქვამდა ჯერ კიდევ ჯანღონით სავსე, უდროოდ
თვალის შუქს მოკლებული ხევსური სიცოცხლის წარმავლობაზე, კაი ყმის
სახელისა და გმირობის დავიწყებაზე... მოთქვამდა და ხმადაბლა მოღუღუნე
ფანდური სევდით ავსებდა უბედური ვაჟკაცის გულის სიღრმიდან ამოსულ
კვნესას.
უკანასკნელი სიტყვები ამოიმღერა თუ ამოიგმინა მელექსემ, ერთ მუხლად
კიდევ ააჟღერა საკრავი, მერე ფანდურის ჟღრიალი მიწყდა და თავადაც
გაიტრუნა. ყველანი დუმდნენ. აღარც მელექსე მღეროდა და აღარც ფანდური
ჟიჟინებდა, სიმღერა კი ისევ ჟღერდა მსმენელების ფიქრსა და გულისყურში.
გალურსული მეფანდურე უსინათლო თვალებით გვერდზე იცქირებოდა,
ეტყობოდა, სიმღერის ზემოქმედების ძალას ანგარიშობდა. დიდხანს ხმა არავინ
გაიღო და დუმილი არავინ დაარღვია. უსინათლო მიხვდა, რომ მსმენელთა
გული და გონება დაიპყრო, სახეზე სიამოვნების ღიმილი გადაეფინა, ფანდური
ძირს დადო და ერთი ხმამაღლა ჩაახველა. მაშინ კი გამოერკვნენ მსმენელები
სიმღერის ჯადოსაგან და ტაშმა ოთხივმხრივ იგრიალა.
ტაში და შეძახილები რომ მიწყნარდა, მეფემ მეფანდურეს მადლობა
გადაუხადა და ჩამოსართმევად გამოწვდილ ხელში ოქრო ჩაუდვა.
გახარებულმა და წათამამებულმა მელექსემ ისევ გამართა ფანდური.
_ ჩალხიაუ, ათაბაგის ლექს შაიძლების? _ ხმადაბლა იკითხა მეფანდურემ.
ჩალხიამ მეფისკენ გაიხედა, მეფემ ღიმილით და თავის დახრით მისცა
დასტური.
_ შეიძლება! _ ნება დართო ჩალხიამ და კვლავ აღუღუნდა ფანდური.
მთაში აიჭრა მხარგრძელი, თვალთაგან რისხვის მთოველი,
დახოცა, შუბზე ააგო ქალი და ბავშვი ფხოველი,
შიშით ჰკრთის ქართლი, კახეთი, ლიხთიმერეთი ყოველი:
ვაჰ, თუ აქეთაც მობრუნდეს, უკეთესს არც ჩვენ მოველით...
მოკლე სიმღერა მალე ჩამოათავა მეფანდურემ. სუფრაზე მსხდომმა ფშავ-
ხევსურებმა ლექსი ჩამოართვეს მელექსეს და თავად განაგრძეს მთის
დამრბევისა და ამწიოკებლის დამცინავი და გამმასხრებელი სიმღერა.
მეფემ, ცოტა არ იყოს, უხერხულობა იგრძნო სამეფოს უპირველესი
დიდებულის გამკილავი ლექსის მოსმენით. შეკავებული ღიმილით მოხედა იქ
მყოფთ, მაგრამ სხვების სახეებზე რომ გაშლილი ღიმილი დაინახა, შუბლი
გაეხსნა.
ფხოველებმა ათაბაგის დაცინვით გული იჯერეს და სიმღერა დაასრულეს.
მელექსემ ისევ ფანდური მომართა. ლაშას ნაცნობი სიტყვები მოესმა:
წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,
ბინდის ფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება, 6
ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება.
მეფანდურე მეფის საყვარელ ლექსს მღეროდა. ეს ლექსი თურმან
თორელისა იყო და ლაშა დარდიან გუნებაზე სევდის უკუსაყრელად
ამღერებდა ხოლმე განუყრელ ტოლსა და კარის პირველ მგოსანს.
მეფემ თორელისაკენ გაიხედა. თურმანს თავი დაეხარა და იმის განცდით
გახარებულს, რომ მისი ლექსები ხალხის სამღერლად ქცეულიყვნენ, სახე
წამოწითლებოდა.
_ ეგ ლექსები სულ შენი იყო? _ ჰკითხა მეფემ უსინათლოს, როგორც კი
ხევსურმა ლექსი ჩამოათავა.
_ ჩემი პირველი იყო, თავში ნათქომ, _ მიუგო ხევსურმა და ფანდურის
ჟღარუნი შეაჩერა.
_ მხარგრძელის ლექსი?
_ ესა, ეს უკანასკნელი ვისია? _ ჩაჰკითხა მეფემ და ღიმილით თორელს
გახედა.
_ ესეც შოთაისია, სხვის ვის იქნების?! _ გაიკვირვა მეფანდურემ და ხშირი
ქერა წარბები შეჰყარა.
ახლა კი აიღო თავი თორელმა და მეფეს გულლაღად შესცინა:
_ მეფეებს და მგოსნებს თამარისა და შოთას შემდეგ ერთი ბედი გვაქვს:
რაოდენი ციხე და არხიც უნდა აშენო, მეფევ, ხალხი მაინც იტყვის, თამარის
ციხე და არხიაო, რაოდენი ლექსიც უნდა ვთქვათ მგოსნებმა, ხალხი კვლავ ასე
იტყვის, რუსთველისააო.
თამადა ახალი სადღეგრძელოს სათქმელად წამოდგა. სუფრაზე კვლავ
სიჩუმე გამეფდა.
* * *
ლხინი გრძელდებოდა.
თვითონ მეფე პირველად ყველაფერს ხალისიანად უყურებდა და მოსწონდა
კიდეც თავისი მონაწილეობა ამ დიდ სახალხო ზეიმში, სანამ მის სუფრაზე
მორიგეობით არ იწყეს მოსვლა უკვე შემთვრალმა ფშავ-ხევსურებმა და თუ-
შებმა.
გრძელ-გრძელ სადღეგრძელოებს ეუბნებოდნენ და ხრინწიანი ხმით
გაჰყიოდნენ სიმღერებს, სათაყვანებლად იხრებოდნენ და რაც უფრო
ეკიდებოდათ სასმელი, მით უფრო მაღლა მიიწევდნენ საკოცნელად. ბოლოს
უფრო მთვრალები და გაბედულები ხინკლის წვენითა და ერბოთი გაქონილი
ტუჩებით ზედ ტუჩებზე ეკვროდნენ აზიზ მეფეს. 7
ცხვრის ტყავის, ნივრისა და მყრალი არყის სუნი თანდათან დაუმძიმდა
სასახლეების კეთილსურნელებას შეჩვეულ ლაშას, გულზე აზიდებდა და თავს
ძლივს იკავებდა, რომ იქაურობას არ გასცლოდა.
უეცარმა საბრძოლო ყიჟინამ და ხმლების ჩახაჩუხმა გამოარკვია ლაშა-
გიორგი.
ახოვანი კახელი ხმლით იგერიებდა სამი ხევსურის იერიშს.
მამლებივით აქოჩრილი ხევსურები გამეტებით უტევდნენ შუაში
მომწყვდეულ ჭაბუკს.
უშველებელი, ერთი შეხედვით, თითქო ტლანქი და მოუხეშავი ვაჟკაცი
გასაოცარი სიმკვირცხლით ბრუნავდა ოთხი ხმლისაგან დაკვესებულ
ცეცხლში. იშვიათის ოსტატობით იფარებდა ფარს, ელვისებური სისწრაფით
იცილებდა მტრის ფრანგულს და თვითონაც მძლავრად იქნევდა თავის
გველისპირულს. ხმლის რამდენიმე სხარტი მოქნევით ერთს ყური მიაჭრა,
მეორეს ხმალი გააგდებინა და თანდათან სამივე წინ გაირეკა...
მერე წამით ფეხში რაღაც გაებლანდა და წაიფორხილა. ხევსურებმა
იდროვეს და გულმოცემულებმა აქეთ შემოუტიეს.
მარტოხელა ვაჟკაცი ნელ-ნელა შეავიწროვეს, იძულებული გახადეს, ნაბიჯ-
ნაბიჯ, ფარის ფარებით და ხმლის ქნევით უკან დაეხია.
მოჩხუბრების ირგვლივ ფართო წრედ შეკრულიყვნენ სეირის მაყურებლები.
მეფე და მისი ამალა აღტაცებით შეჰყურებდნენ თავგამეტებულ ბუმბერაზს,
რომელიც ასეთი ღონითა და მოხერხებით უმკლავდებოდა სამი მთიელის
მოძალებას.
თვითონ მოჩხუბარი თავისი მტრების ხელებისა და ფარხმალის მოძრაობის
მეტს ვერაფერს ხედავდა, მაგრამ ახლა, უცებ, თითქო რაღაც მოელანდაო,
გვერდზე გაიხედა და იმ დედა-შვილს მოჰკრა თვალი, დილით რომ მეფის
კალთის სამთხვევად მიიწევდნენ.
მანდილით თავპირშებურვილ დედას თვალების მეტი არაფერი უჩანდა. ამ
კრიალა შავი თვალების მზერას იგი მეფესა და მის ამალას არ აცილებდა და
ხანდახან თუ გადაიტანდა მოჩხუბრებზე.
ცისფერკაბიანი გოგონა სულგანაბული შეჰყურებდა მოჩხუბართ. მის
ბავშვურ თვალებში უფრო აღტაცება გამოკრთოდა, ღელავდა, ტანის უნებური
მოძრაობით ახოვანი ჭაბუკის მოძრაობას იმეორებდა და მხრებზე ჩამოშლილ
მანდილს თითებით აწვალებდა.
როგორც კი ბუმბერაზმა მის თვალებს თვალი შეასწრო, ძალის უჩვეულო
მომატება იგრძნო, ლომივით დაბრუნდა და ისევ იერიშზე გადავიდა.
უკანდახეულ, ყურჩამოთლილ მომხდურს გამეტებით, მთელი ძალით მოუქნია
ხმალი, მაგრამ თავპირდასისხლიანებულმა ხევსურმა თავისი ფრანგული
ქვემოდან შეაგება და ფოლადმა უჩვეულოდ გაიჟღრიალა.
გატეხილი ხმალი ძირს დაეცა და ხმლის პატრონს დაბღუჯული ვადაღა
შერჩა ხელში. 8
ხმალგატეხილმა დაფიქრებაც ვერ მოასწრო, რომ ცისფერკაბიანი გოგონას
მხრებს მანდილი მოსწყდა და მოჩხუბართა ხმლებს შორის ფარფატით დაეშვა.
ხმლის მოსაქნევად აწვდილი ხელები ცივად დაეშვნენ დაბლა და ხალხმაც
იგრიალა.
პირველი ლაშა მიიჭრა და ხმალგადამტყდარ მებრძოლს გადაეხვია.
ვაჟკაცობა მოუწონა, ძვირფასი ხმალი მოიხსნა და მოულოდნელობისაგან
დაბნეულ ბუმბერაზს გაუწოდა.
_ ღირსი ხარ! მეფისა და ქვეყნის სამსახურში გეტარებინოს! _ ღიმილით
უთხრა და მხრებზე ხელი დაჰკრა.
დასაჩუქრებულმა ხმალს დახედა: ხმლის ვადაზე მინანქრით იყო
გამოყვანილი ცხენზე ამხედრებული თეთრი გიორგი. ცხენის ფლოქვებქვეშ
გართხმული ვეშაპისთვის შიგ გულში ეძგერებინა შუბი ქართველთა
ძლევამოსილ მფარველს. სიხარულისაგან გაოგნებული ჭაბუკი ჯერ ხმალს
ემთხვია, მერე მეფეს ჩაუვარდა ფეხქვეშ და მუხლებზე მოეხვია. მეფემ ძლივს
წამოაყენა.
_ რა გქვია, ვაჟკაცო? _ შეეკითხა ლაშა.
_ გვარად მიგრიაული ვარ, სახელად ლუხუმს მეძახიან, _ მიუგო
ბუმბერაზმა.
_ რას გემართლებოდნენ? _ თვალით ანიშნა ლაშამ განზე გამდგარ, ხმლით
დაკენწლილ ხევსურებზე.
ხევსურებს ჯერ კიდევ შიშველი ხმლები ჰქონდათ ხელთ, მიწას ხმლის
წვერით ჩხვერდნენ და შორიდან თვალით სჭამდნენ მოსისხლეს.
_ მამაჩემის სისხლი ემართათ. ჩვენ აქაურები ვართ. მოსისხლეებს რომ
გავრიდებოდით, მამას კახეთში გავუხიზნივართ. თხუთმეტი წელია
ველისციხეში ვსახლობ და დღეს პირველად მოვედი ლაშარის ხატის
ბრძანებით ჩვენს სალოცავში. მოსისხარებმა დედაჩემი იცნეს, ალბათ, ჩემი
ამბავი გამოიკითხეს და თავს დამესხნენ.
_ გინდა, ჩემს ამალაში წაგიყვანო, ტახტისა და მეფის მცველად დაგადგინო?
_ შეეკითხა მეფე.
_ თუკი ჩემს ხლებას იკადრებთ... _ ამოდენა სიხარულისაგან
ენააბორძიკებულმა ლუხუმმა სიტყვის დამთავრება ვეღარ მოახერხა, ისევ
მუხლებზე დავარდა და მეფეს ფეხები დაუკოცნა.
მეფემ ლუხუმი წამოაყენა, მისი მოსისხარებიც თავისკენ იხმო და ოთხივე
სუფრისაკენ წაიყვანა.
ოთხთავეს ყანწები გაუვსეს. მეფემ მათი შერიგებისა ბრძანა და
მოსისხლეებს ერთიმეორე დააკოცნინა.
* * *
კარგად რომ შეღამდა, სუფრა აირია. მეფესთან ჩალხია ფხოველი მივიდა და
ჩუმად ჰკითხა: განსვენებას ხომ არ ინებებო. 9
მეფე ფეხზე წამოდგა, ახალციხელს, მარგველსა და თორელს გაყოლა ანიშნა
და სუფრიდან შეუმჩნევლად წავიდა. მხოლოდ ლუხუმმა შეამჩნია, როგორ
გაუჩინარდნენ მეფე და მისი მხლებლები ღამებნელში ჩარდახიან ურმებთან.
ლუხუმს თვალწინ სულ ის ცისფერკაბიანი გოგონა ედგა, რომლის
მანდილმაც სიკვდილს გადაარჩინა. ახლა, როცა სუფრაზე მეფე აღარ იყო, იქ
ყოფნა სავალდებულოდ არ მიიჩნია, შეუმჩნევლად წამოდგა და დაბლა,
ხატიონების სუფრებისკენ დაეშვა.
ველისციხელი მახვეწრების სუფრა შორიდანვე, ჟინჟღილების შუქზე
შენიშნა. თუმცა დედა იქ ეგულებოდა, გულმა სხვა მხარეს გაუწია და
სახელდახელოდ გამართულ თუშთა კარვისკენ აიღო გეზი.
კარვის წინ უცნობი თუშები უსხდნენ მინდორზე გაშლილ სუფრას.
შეზარხოშებულებს დაუპატიჟებელი სტუმრის თავზე წამოდგომა არაფრად
ეპიტნავათ, ცერად ახედეს, მაგრამ მასპინძლობის წესი ვერ გატეხეს და
მოსულს სავსე ჯიხვი მიაწოდეს.
ლუხუმმა სასმისი ჩამოართვა და იქაურობას თვალი მოავლო.
_ ვის ეძებ? დალიე! _ მკაცრად უთხრა სუფრასთან ჩაჩოქილმა თუშმა და
უცნობს თვალები დაუბრიალა.
ლუხუმმა ჯიხვი ასწია და ის იყო მოიყუდა, რომ დედის ხმა ჩაესმა:
_ ჩემი ლუხუმია, შვილებო, ჩემს საძებრად მოსულა.
მიგრიაულმა ყანწი დასცალა და კარვისკენ გაოცებით გაიხედა: კარვის
კართან ის ცისფერკაბიანი გოგონა იდგა თავდახრილი, რომლის საგონებელმაც
იგი აქ მოიყვანა.
ლუხუმისა და იმ გოგონას დედები ხელიხელგაყრილები მისკენ
მოდიოდნენ. გოგონას დედას მანდილი აღარ ებურა, სანდომიანი სახე
სრულად მოუჩანდა და ღიმილით უბრწყინავდა.
_ მობრძანდი, ლუხუმ, ქეთევანი ჩვენი სტუმარია, შენც აქეთ მობრძანდი, _
კეკლუცად მიიწვია გოგონას დედამ.
გაოგნებული იდგა ლუხუმი, ვერც ხმა ამოეღო, ვერც ადგილიდან
დაძრულიყო.
_ კარგია, მომაგენი, ჩვენებს დავუბარე, რომ ციცინოსთან ვიქნებოდი, _
მიეყვავილა დედა ლუხუმს, მკლავში ხელი მოჰკიდა და კარვისკენ წაიყვანა.
იმ კარავთან ყოფნა ლუხუმს ახლა ყველაფერს ერჩივნა, მაგრამ რატომღაც
ფეხები მის სურვილს არ ემორჩილებოდნენ, ბორძიკით ძლივს ადგამდა და ორ
ქალს გაკავებულივით, თითქმის ძალით მიჰყავდა.
_ ლილე, მოდი, შვილო, ლუხუმს მოეგებე, _ მიმართა ქალიშვილს ციცინომ.
დარცხვენილი ლილე თავს არ იღებდა.
ლუხუმსაც თავი დაეხარა. უხერხულად იდგა ბეჭბრტყელი, მოუხეშავი
ვაჟკაცი და ქალის ხელის ჩამოსართმევად მარჯვენის გაწოდება ვერ
მოეფიქრებინა.
უხმოდ ჩამოჯდა სკამზე მიგრიაული. ქალებმა საუბარი გააბეს, მაგრამ
ლუხუმი ვერ აიყოლიეს, ხმა ვერ ამოაღებინეს გაკრძალულ ჭაბუკს. 10
_ მოსწყინდა ჩვენთან შენს ვაჟს, ქეთევან, ალბათ, კაცებთან ურჩევნია, _
გადაულაპარაკა ციცინომ ლუხუმის დედას, ფეხზე წამოდგა და მოქეიფე
თუშებს გასძახა:
_ უთურგა, მეფის მცველი ლუხუმ მიგრიაული თქვენი სტუმარია, მიიღეთ
და უმასპინძლეთ.
სუფრიდან ის ვაჟკაცი წამოხტა, წეღან რომ თვალისბრიალით უყურებდა
ლუხუმს, კარავთან ძუნძულით მივიდა, სტუმარს ხელი ჩაავლო და
თანამესუფრეებისაკენ გაიტაცა.
* * *
გვიან ღამით ლაშარის გორი დაიცალა. ხატიონები ჭალაში ჩაბარგდნენ.
მთვრალებმა და ხნიერებმა ძილს მისცეს თავი. ახალგაზრდებმა წაწლები
მოძებნეს და ნაბდები წაიხურეს.
ახალციხელი, მარგველი და ფხოველი გვიან, ნაშუაღამევს მარტონი
ავიდნენ ფშაური სახლის ბანზე, გაიხადეს და ლოგინზე მიწვნენ.
არც ერთს არ ეძინა, გულაღმა დაწოლილები ვარსკვლავებით მოჭედილ ცას
შეჰყურებდნენ და თავთავიანთ ფიქრს მიცემულნი სდუმდნენ.
ლაშარის ხევისბერი ჩალხია ფხოველი არც ისე დიდი ხნის წინათ მეფის
ახლობელი კაცი იყო.
ბავშვობიდანვე სამშობლოდან გადახვეწილ ჩალხიას მთელი ქვეყანა
მოვლილი ჰქონდა. განათლება ანტიოქიასა და კონსტანტინეპოლში მიეღო,
იქაურ ფილოსოფოსებს დამოწაფებოდა და შემდეგ სინას მთაზე, ქართულ
მონასტერში შესდგომოდა ქადაგებას. მის დამოუკიდებელ აზროვნებასა და
თავისუფალ ქადაგებას უამრავი მსმენელი მიეზიდა ქვეყნის ყველა კუთხიდან
და ფხოველს მთელს წინა აზიაში გასჩენოდა მიმდევრები.
ეკლესიის ავტორიტეტის მცველებს შეუმჩნეველი არ დარჩენოდათ
ფხოველი ბრძენის მოღვაწეობა. ჩალხიასათვის ქადაგება აეკრძალათ,
ეკლესიიდან მოეკვეთათ და დაწყევლილი და შეჩვენებული ლავრიდან
გაეძევებინათ.
მას შემდეგ ჩალხია ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერებული აღარავის
უნახავს. მაღრიბსა და მაშრიყში მოგზაურობდა, თავის მოძღვრებას ქადაგებდა
და ეკლესიის მიერ დევნილ თავისუფალ იდეებს ავრცელებდა.
ხანში რომ შევიდა, გულმა ადრე დაკარგული სამშობლოსკენ გამოუწია და
ხეტიალით დაღლილმა საქართველოს მოაშურა.
სწავლულ და განათლებულ ქართველთა მფარველმა და
ხელისგამმართველმა თამარმა სიხარულით მიიღო ეკლესიისაგან უკვე
დავიწყებული ბრძენი, სარჩო-სამყოფელი გაუჩინა, კარის აქიმად დანიშნა და
ტახტის მემკვიდრის აღზრდა მიანდო. 11
მასწავლებელმა იმთავითვე დაიპყრო ყრმა უფლისწულის გულისყური
ღრმა განათლებითა და რაინდული კეთილშობილებით. იგი მიმზიდველად
მოუთხრობდა მსოფლიოს გეოგრაფიასა და ისტორიაზე, სამშობლოსათვის
თავდადებულ გმირებსა და რწმენისათვის წამებულ ადამიანებზე, სამყაროს
დაუსაბამობაზე, ღვთაების უსასრულობასა და განუყოფლობაზე. იგი ისეთივე
გატაცებით უამბობდა გონებაგახსნილ ტახტის მემკვიდრეს ბუდასა და
ქრისტეს ადამიანურ ბუნებაზე, პლატონისა და არისტოტელეს სიბრძნეზე,
როგორც კეისრისა და ალექსანდრე მაკედონელის ფათერაკებით სავსე
ცხოვრებასა და ძლევამოსილ ლაშქრობაზე.
მან პირველმა ჩაუნერგა საქართველოს მომავალ მეფეს სარწმუნოებისადმი
შემწყნარებლობა, დოგმებისა და კანონებისადმი თავისუფალი
დამოკიდებულება. მანვე დაანახვა ხალხში ჯერ კიდევ ცოცხალი წარმართობის
სილამაზე და ძლიერება.
ფხოველს ფარულად გადაცმული დაჰყავდა უფლისწული ლამპრობასა და
ლაზარობაზე, ილორობასა და ალავერდობაზე, გუდანისა და ლაშარის ხატების
დღესასწაულებზე.
ჩალხია თავის თავს გუდანისა და ლაშარის ხატების ყმას და მოხარკეს
ეძახდა და, თუმცა მთაში აღარც სახლ-კარი გააჩნდა და აღარც ახლობლები,
ფხოველებს თავის ნათესავებად და მოკეთეებად თვლიდა და, ცხადად თუ
ფარულად, მათი კეთილდღეობისა და წარმატებისათვის ზრუნავდა.
თავად ფხოველები ათასგვარ ზღაპრებს ჰყვებოდნენ «თამარ დედუფლის
აქიმზე».
_ ჩალხია ჯერ კიდევ ბალღი იყვის, ქაჯებ რო გაიტაცის. ტყვეობაში
სიცოცხლე მასძულდის, თავის მოკვლა ინატრის. ქაჯებს გველთსახარშავად
ცეცხლზე ქვაბებ ედგის. ჩალხიამ გველ შჭამის, ღგონობდა მახკლავდის,
ცოცხალ დარჩის, გველთ ჭამისაგან ბრძენ გახდის, ფრინველთა და ბალახთ ენა
ისწავლის, _ ჰყვებოდნენ ფხოველები, თავიანთ თანამემამულეს
გველისმჭამელს ეძახდნენ და გულწრფელად სჯეროდათ, რომ ფხოველ ბრძენს
ყოველგვარი ცოდნა და საექიმო ხელოვნება ქაჯთა და გველთაგან ჰქონდა
ნასწავლ-შეთვისებული.
სამეფო კარზე ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა ჩალხიას მოღვაწეობას.
ვარსკვლავების სათვალთვალო კოშკში მისი ერთთავად ყოფნა, წირვა-
ლოცვაზე იშვიათი სიარული, მაწანწალა დერვიშებში აღრევა და
ხევისბერებთან ხშირი სტუმრობა არ მოსწონდათ. «მჩხიბავსა» და
«მუცლითმეზღაპრეს» ეძახდნენ და ფარულად ღვთის მგმობელობასა და
ეშმაკეულობას სწამებდნენ.
რაკი ფხოველის გასამტყუნებლად მნიშვნელოვანი საბუთი ხელთ არ
ჰქონდათ, ეკლესიის მეთაურები და ფხოველის წარმატების გამო შურით
აღძრული მტრები აშკარად ვერ ბედავდნენ უფლისწულის საყვარელი
აღმზრდელისა და კარის აქიმის მხილებას. 12
ასე დიდხანს გაგრძელდებოდა და, ალბათ, ლაშას გამეფების შემდეგ
ფხოველი მეფის პირველი მრჩეველი გახდებოდა, რომ სახელმწიფოს და
პირადად ფხოველის ცხოვრებაში მოულოდნელი და მნიშვნელოვანი ამბები არ
მომხდარიყო.
დიდი თამარის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ფხოვი, მთიულეთი და
დიდოეთი აჯანყდნენ.
უმიწაწყლო, მწირ მთებსა და კლდეებზე მოსახლე მთიელებს ბატონი არ
ჰყავდათ. ნადირობითა და მესაქონლეობით საკუთარი თავიც ძლივს
გაჰქონდათ, წელებზე ფეხს იდგამდნენ და ლაშქრისა და ტახტის ბეგარას
პირნათლად იხდიდნენ.
ბოლო დროს კახეთის ერისთავმა წაუპოტინა ხელი მთას,
თავისუფლებისმოყვარე მთიელ ვაჟკაცებს დამორჩილება და ყმად გახდომა
მოუნდომა. ტკბილი სიტყვითა და დაპირებით რომ არაფერი გაუვიდა,
ერისთავი მძლავრობის გზას დაადგა, მთიელთა სოფლების რბევასა და
აკლებას მიჰყო ხელი.
მთიელები ფეხზე დადგნენ, ვიწროები გაამაგრეს, ასაკლებად მოსული
მტრის მოგერიებას არ დასჯერდნენ და, თავის მხრივ, კახეთის სოფლებზე
იწყეს თავდასხმა. საქმეში სამეფო ხელისუფლება ჩაერია: თავგასულ ერისთავს
მადა შეუკვეცა და მთაზე გაბატონების ოცნებაზე ხელი ააღებინა. მაგრამ არც
მთიელები დაინდო, სახელმწიფო ბეგარა გაუდიდა და წარმართობის დევნასა
და მთელს მთიანეთში ქრისტიანობის ძალით გავრცელებას შეუდგა. ხალხის
დაუკითხავად წარმართული ხატებისა და სალოცავების ადგილზე ეკლესიების
შენება გააჩაღა და ეს მშენებლობა მთიელებს დააკისრა.
ისედაც ყოველმხრივ გაჭირვებულ მთიელებს მძიმე ტვირთად დააწვათ
მიუვალ მთებსა და ხეობებში ქვის მკვიდრი ეკლესიების მშენებლობა,
ერთდროულად რამდენიმე საყდრის შენება უამრავ ფულსა და მუშახელს
მოითხოვდა და ერთიცა და მეორეც ღარიბ მთას უნდა გაეღო.
მოსახლეობის ამ უკიდურეს შევიწროებას ქრისტიანობაზე ერთპირად
ძალით მოქცევა დაემატა და მთაში აჯანყებამ იფეთქა.
ჩალხია ფხოველი შორიდანაც ახლო მონაწილეობას იღებდა მთის ამბებში.
პირველად, კახეთის ერისთავის მძლავრობისას, მან უშუამდგომლა
ფხოველებს მეფის წინაშე. როცა კახეთის ერისთავის ალაგმვის შემდეგ მეფის
ხელისუფლებამ მთის კიდევ უფრო შემომტკიცების მიზნით მთიელთა
ბეგარის მატებასა და ქრისტეს სჯულზე მოსახლეობის მოქცევას მიჰყო ხელი,
ჩალხიამ უკვე ვეღარაფერი გააწყო. ვაზირებმა მეფის გზა შეუკრეს, თამარს
მთიელთა უკიდურესი გაჭირვება ვერ გააცნო და, რაკი სამართლისა და
მშვიდობის სახსარი ვერ იპოვა, სასახლიდან გაიპარა, ამბოხებულ მთას
სათავეში ჩაუდგა და მათთან ერთ

კატეგორია: ხელოვნება

პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საიტზე თქვენი სახელით.


კომენტარების დამატება

სახელი:*
ელ-ფოსტა:*
კომენტარები:
შეიყვანეთ კოდი: *